დადებითობის მაჩვენებელი არის 11% და მეტი, როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, 10 იანვრის შემდეგ შესაძლოა, კვლავ იყოს შემთხვევების მატება. მისივე თქმით, შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით დასკვნა 15 იანვრის შემდეგ გაკეთდება.
„შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიწევს დავაკვირდეთ კიდევ ამ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. 1800 შემთხვევა დღეს, 2000-ზე მეტი გუშინ მიუთითებს იმას, რომ გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არ გვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, თუ რამდენი ადამიანი ვლინდება კოვიდით, როცა ხდება პირების გამოკვლევა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და უფრო მეტი ადამიანია შეიძლება ინფიცირებული, ვიდრე დღეს ჩვენ ტესტირების შედეგად ვავლენთ. ამდენად ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა გაბუნიამ.