საათი, რომელიც ნაცისტური გერმანიის ლიდერ ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, შეერთებულ შტატებში აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა.
Huber-ის საათზე, რომელიც ანონიმურმა პრეტენდენტმა იყიდა, გამოსახულია სვასტიკა და ამოტვიფრულია ინიციალები - AH.
აუქციონი მერილენდის Alexander Historical Auctions-ზე გაყიდვის წინ ებრაელმა ლიდერებმა დაგმეს.
აუქციონის სახლმა, რომელმაც ნაცისტების სამახსოვრო ნივთები წარსულშიც გაყიდა, გერმანულ მედიას განუცხადა, რომ მიზანი ისტორიის შენარჩუნება იყო.
საათის კატალოგში ნათქვამია, რომ ის შესაძლოა დაბადების დღეზე საჩუქრად გადაეცა ფაშისტ ლიდერს 1933 წელს, როდესაც ის გერმანიის კანცლერი გახდა.
აუქციონის სახლის შეფასებაში ნათქვამია, რომ საათი სუვენირად წაიღეს, როდესაც დაახლოებით 30 ფრანგი ჯარისკაცი 1945 წლის მაისში ჰიტლერის თავშესაფარში, ბერგჰოფში შეიჭრა. ითვლებოდა, რომ მას შემდეგ საათი გაიყიდა და ამ გზით თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
აუქციონზე ასევე გაიყიდა ჰიტლერის მეუღლის, ევა ბრაუნის კაბა, ნაცისტი მაღალჩინოსნების ავტოგრაფებით გაფორმებული ფოტოები და ყვითელ ქსოვილზე დავითის ვარსკვლავთან ერთად ამოტვიფრული სიტყვა “იუდა”, გერმანულად “ებრაელი”. ჰოლოკოსტის დროს ებრაელები აიძულეს ყვითელი ნიშნები ეტარებინათმ როგორც სამკლავური ან სამკერდე ნიშანი იზოლირებისა და შევიწროების მიზნით.
ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერს 34 ებრაელი ლიდერი, გაყიდვა შეფასებულია “ამაზრზენად”. ებრაელი ლიდერები ნაცისტური ნივთების აუქციონიდან ამოღებას მოითხოვდნენ.
ევროპის ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გაყიდვა “დაეხმარა მათ, ვინც ნაცისტური პარტიის მოქმედებების იდეალიზებას ახდენს”.