ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა კახეთის რეგიონის მედია-საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ლევან მეხუზლას ინფორმაციით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 11,5 ათასი ტონა რქაწითელი, 13,3 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
“რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. ღვინის საწარმოებს ყურძენი 2000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 24 მლნ ლარს აღწევს” – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 100-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.