საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალთან „RAW WINE” დაკავშირებულ საკითხზე.
WWW.BUSIENSSTIME.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს მრავალია წელია მხარს უჭერს და არაერთი მიმართულებით ეხმარება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებში და შეძლონ მათ მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღო, ჩართულიყო ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის „RAW WINE” რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში, რაც გულისხმობდა მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, ჩააბარა გადამზიდ კომპანიას. პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, "ქოინის" (Сoyne Airways) ავიახაზებით. გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა; 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა, გერმანულმა მხარემ, დამატებით, საჭიროდ ჩათვალა ტვირთის შემოწმება, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო, ე.წ, ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის.
ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილ იქნა წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო; გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში.
დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მცირე მარნების მაქსიმალური ხელშეწყობა ფინანსური თუ საორგანიზაციო კუთხით. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა", - ნათქვამია განცხადებაში.