ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ღამის კლუბების ინდუსტრიის ასამოქმედებლად ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად უსაფრთხოების პროტოკოლის შემუშავება იგეგმება.
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს ამ ინდუსტრიის და მისი საჭიროებების შესწავლა.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს გარკვეული შესწავლა. მათთან შეხვედრა შედგება, მაგრამ არ გვინდა, რომ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ნამდვილად დაზარალებული ინდუსტრიაა. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა პრობლემატიკის, რა უჭირთ ყველაზე მეტად, რა სპეციფიკით ხასიათდება ეს სექტორი და რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ, მათ შორის, დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რითიც მომავალში შეიძლება, რომ ეს ინდუსტია ავამოქმედოთ“,- განაცხადა თურნავამ.