გერმანიში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ქვეყანა განიხილავს კვალიფიციურ მიგრანტებს გაუადვილოს სამუშაოს შოვნა გერმანიაში, რადგან ქვეყანას სჭირდება დიდი რაოდენობის ვაკანსიების შევსება. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa News ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, გერმანიას მილიონზე მეტი ადამიანი ესაჭიროება სხვადასხვა სექტორებში დასასაქმებლად, რადგანაც ქვეყანაში 1,7 მილიონი ვაკანსიაა. თანამშრომლების ყველაზე მეტი რაოდენობა ავიაინდუსტრიაშია საჭირო, რადგან ბოლო დროს ქვეყნის აეროპორტებში ქაოსია.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის განცხადებით, გერმანიაში მუშახელის დეფიციტი განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გამო გამწვავდა. მისივე თქმით, სექტორიდან ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობის სექტორი დაზარალდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შრომის ფედერალურ მინისტრთან მუშაობს, რათა სხვა ქვეყნებიდან სამუშაო ძალის შემოყვანის მიმართულებით ცვლილებები დაიწყოს და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა მოდერნიზებას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ SchengenVIsaInfo.com-ის ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები ყოველი მეოთხე ადამიანიდან ერთი მიგრანტია. სტატისტიკის ფედერალური სამსახურის, Destatis-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის გერმანიაში მცხოვრები დაახლოებით 22,3 მილიონი ადამიანი მიგრანტი იყო. აღნიშნული რიცხვი იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 27% მიგრანტია.