janmedi
ავერსი ნემო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის ჩემოდნის დაზიანებისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო დარღვევა დაუდგინა.

GCCA-ის ინფორმაციით, კომპანიამ მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ხოლო შემდგომ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი VIP მომსახურებით სარგებლობდა, რაც ბარგის უშუალოდ ავტომობილამდე მიტანას ითვალისწინებდა.

სააგენტოს ცნობით, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაზიანება დაუყოვნებლივ აღმოეჩინა, მაშინ როდესაც კომპანია სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებდა.

„GCCA-ის განმარტებით, როგორც საერთაშორისო კონვენციების, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრებოდა. „ჯორჯიან ეარვეისს“ უნდა დაესაბუთებინა, რომ ნივთი მისი ბრალეულობით არ დაზიანებულა. ვინაიდან კომპანიამ აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, დადასტურდა მისი მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევა.

ამასთან, ერთ-ერთი განმცხადებლის პრეტენზია შეეხებოდა კომპანიის სტანდარტულ პირობას, რომელიც მგზავრებს კომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების სხვა პირისთვის დათმობას უკრძალავდა. GCCA-ის განმარტებით, ამგვარი სტანდარტული პირობა გაუმართლებლად ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს და უსამართლო სტანდარტულ პირობად მიიჩნევა. თუმცა ვინაიდან მოვაჭრემ აღნიშნული ჩანაწერი საქმის განხილვის პროცესშივე ამოიღო, სააგენტომ ამ ნაწილში დარღვევა აღარ დაადგინა.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-მდე ოდენობით. ამასთან, 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

62