საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე, კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება CHG & CO LTD-ის მიერ შპს „შაბას" 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ FMCG ბაზრის საცალო დონეზე, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 12 000-მდე კომპანია ახორციელებდა.
„არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) 399 ერთეულს შეადგენს, ხოლო FMCG ბაზრის საბითუმო სადისტრიბუციო დონეზე კონცენტრაციის მაჩვენებელი HHI - 428.52 უდრის , რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 8 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.