სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ხაშურში, შპს „რითეილ ჯგუფის“ სარეალიზაციო ობიექტი (მის: დ. აღმაშენებლის ქ. N5) შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევის მიზნით, გაყინული ნახევარფაბრიკატის - ციმბირული პელმენის (სავაჭრო სახელწოდებით “ხინდა“, მწარმოებელი შპს "G&A GROUP", ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ.29, ს/კ 404943683, დამზადების თარიღი: 19.04.2024 წ) ნიმუშები აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5 ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.
კვლევის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შპს „რითეილ ჯგუფს“ და დაევალა პელმენის აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება; გარდა ამისა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შპს "G&A GROUP-ის" ნახევარფაბრიკატების საწარმოში - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; ასევე, დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატი პელმენის ბაზრიდან/რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს„ მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.