გიორგი გახარიასა და კერძო სექტორს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და გამოჩნდა რომ პრემიერი ფიქრობს ბიზნესზე. - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლმა, თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საკითხები მეგობრული იყო, კონსტრუქციული. ჩემდა გასაკვირად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში პირადად იღებს ვალდებულებას თავის თავზე რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. მე არაფერი მითქვამს პირველად ცხოვრებაში, იმიტომ რომ იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი“, - განაცხად თემურ ჭყონიამ.
კითხვაზე რატომ არ დააყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ამჯობინა დისკუსია არა კონკრეტული ბიზნესების, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარმართულიყო.
"ჩემი მხრიდან არაფერი მითქვამს. დამიძახეს და მოვედი. სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი და ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი. რა თქმა უნდა ბიზნესი სახელმწიფოა, მაგრამ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ უნდა ვისაუბროთ ერთობლივად რა შეგვიძლია უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის და ბიზნესი რომელიც თავის თავს ვერ უვლის იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის".
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას განიხილავს. მათ შორის საუბარია იმაზეც, რომ კომენდანტის საათი მოიხსნას.