jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
თიბისი კაპიტალმა საქართველოს რეგიონებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარის კვლევა ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 8%-ით არის გაძვირებული.
 
თიბისი კაპიტალი წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი საქართველოში 756 დოლარი იყო. ასეთია იმ 5 ქალაქის ჩამონათვალი, სადაც იმავე პერიოდში უძრავი ქონება ყველაზე მეტად გაძვირდა:
 
ზუგდიდი — წლიური გაძვირება 40%;
ქობულეთი — 32%;
ქუთაისი — 20%;
ფოთი — 19%;
რუსთავი — 9%.
 
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები წლიურად ყველაზე მეტად ზუგდიდიში (123%) იყო გაზრდილი.
 
რამ განაპირობა ზრდა? 
 
თუ რით იყო განპირორბებული ზუგდიდში უძრავი ქონების ფასის 40%-ით გაძვირება, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME  ზუგდიდში სამშენებლო კომპანების წარმომადგენლებს და მაკლერებს დაუკავშირდა. 
 
როგორც გაირკვა, ზუგდიდში უძრავ ქონებაზე ფასების მატებას, ძირითადად  სახელმწიფო პროგრამას უკავშირებენ, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირევისთვის სახლის შესაძენად გამოყოფილ თანხებს უკავშირდება. 
 
„40%-ით ზრდა გადაჭარბებულად მიმაჩნია. ზოგადად, არის გაზრდილი ფასები, მაგრამ არა ამდენად... საერთოდ ზუგდიდში ფასები იაფი არასდროს ყოფილა სხვა ქალაქებთან შედარებით. ფასების გარკვეულწილად ზრდასთან დაკავშირებულ ორ ნაწილზე გავამახვილებდი ყურადღებას: პირველი – ეს არის ძველი ბინები, რომლის ფასების ზრდაც ვფიქრობ უკავშირდება სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაფინანსებას საცხოვრებლის შესაძენად. მეორე კი, ეს არის ახალაშენებული სახლები, სადაც ფასების ზრდა უკავშირდება საშენი მასალის და მომსახურების ფასის ზრდას, აქედან გამომდინარე, აქაც გვაქვს ალბათ 20–25%–ით ფასების მატება. თუ ადრე ღირდა $500–$600 კვ.მ ახლა ღირს 700 დოლარამდე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გაყიდვებზე მოთხოვნა გაზრდილია, თუ შევადარებთ კოვიდის პერიოდს, კი, რა თქმა უნდა, გაზრდილია. თუმცა, უფრო ადრინდელ პერიოდს თუ შევადარებთ, მოთხოვნა გაზრდილი არ არის“, – განაცხადა სამშენებლო კომპანია „ჯი ჯი პოინტის“ დირექტორმა გიორგი გარდავამ. 
 
ამასთან უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი თომა ქანთარია საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასები ზუგდიდში უძრავ ქონებაზე ნამდვილად გაზრდილია. 
 
„ჩემი დაკვირვებით, აღნიშნული ფასების ზრდა უკავშირდება სახელმწიფო პროგამას,  რომელის თანახმადაც ლტოლვილებზე გაიცა თანხები ბინების შესაძენად და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სურვილისამებრ შეერჩიათ ბინა. ეს იყო თან დროში გაწერილი პროგრამა და უნდა მომხდარიყო ამ თანხის ათვისება კონკრეტულ დროში, რამაც გამოიწვია ერთგვარი აჟიოტაჟი და ერთდროულად ბევრი მსურველის ფონზე მოხდა ფასების ზრდა. ზუგდიდში იაფი არასდროს  ყოფილა უძრავი ქონება, აქ სულ იყო გამორჩეულად მაღალი ფასები უძრავ ქონებაზე, თუმცა ახლა რომ ძალიან არის გაზრდილი ამას ვადასტურებ და ვიტყვი აქვე, რომ ეს არარეალური ფასებიცაა“, – განაცხადა თომა ქანთარიამ უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელმა. 
 
BUSINESS TIME-ს კითხვაზე, კონკრეტულად, რა ტიპის უძრავ ქონებაზეა მოთხოვნა გაზრდილი, მან აღნიშნა, რომ უკრაინის ომის შემდეგ გამოიკვეთა მიწის ნაქვეთებზე დიდი დაინტერესება. 
 
„ომის დაწყების შემდეგ, უფრო მიწის ნაკვეთებზე წამოვიდა დაინტერესება, განსაკუთრებით რუსების მხრიდან, მათ აინტერესებთ დიდი ფართობები, გაერთიანებული მიწები ბიზნესის წამოსაწყებად, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რუსებთან არანაირი თანხის სანაცვლოდ და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ არა მარტო ჩვენი სააგენტო არამედ, ზოგადად ზუგდიდში, ადგილობრივები პრინციპულად არ თანამშრომლობენ რუსებთან და არ ყიდიან მიწა–წყალს არანაირი თანხის სანაცვლოდ“, – აღნიშნა თომა ქანთარიამ.
 
თიბისი კაპიტალის სექტორის კვლევის უფროსის, ირინა კვახაძის განცხადებით კი, კვლევები ჩატარდა რამდენიმე მიმართულებით, მოხდა დაკვირვება  ოფიციალურ მონაცემებზე და განხორციელებულ ტრანზაქციებზე. 
 
„მოხდა დაკვირვება, საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე,  განთავსების საიტებზე, ტრანზაქციებზე და ა.შ. გამომწვევ მიზეზს რაც შეეხება, ეს შესაძლოა იყოს განპირობებული იმით, რომ ბაზარზე როგორც კი ჩნდება მიწოდება შედარებით, ახალი და მაღალ ფასიანი ბინების, ეს ახდენს გარკვეულ გავლენას ვინაიდან ზუგდიდი არის პატარა ბაზარი“, – განაცხადა ირინა კვახაძემ.  
 
 
 
640