თბილისში, გასულ თვეს 681 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 15%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. წლიური მონაცემების მიხედვით კი 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული მიმოხილვის მიხედვით, ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობა 2,655-ს გაუტოლდა და ივნისის თვესთან შედარებით 8%-ით შემცირდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებითაც კლება დაფიქსირდა (-7%). იქიდან გამომდინარე, რომ თვიურ ჭრილში ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო მეტად იკლო, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 20%-მდე შემცირდა.
ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+29%), ისე ძველი (+22) ბინების შემთხვევაში. თუმცა, თვიური მონაცემების მიხედვით,ახალ ბინებში ფასმა 3%-ით იკლო, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში, ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და უმნიშვნელოდ 1%-ით გაიზარდა.
„გასაყიდი ფასი $1,164-ს გაუტოლდა და წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. წლიურ ჭრილში კი 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თვიურ ჭრილში ტრანზაქციების შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობამ ივნისთან შედარებით 9%-ით იკლო და $255 მილიონი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - წერს თიბისი კაპიტალი.
აღსანიშნავია, რომ ჯამში 2023 წლის ივლისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ, წინა თვესთან შედარებით, იკლო, მაგრამ თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და 3,336 შეადგინა, რაც წინა თვეს დაახლოებით 8%- ით ჩამორჩება. მცირედი კლება (-2%) დაფიქსირდა წლიურ ჭრილშიც.