„ევოლუშენ ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ კომპანიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 1-ელი აგვისტოდან, „პროფკავშირმა“ მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, „ევოლუშენმა“ მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ელი აგვისტოდან, „პროფკავშირმა“ მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
ეს მოცემულობა ცვლის „ევოლუშენ საქართვგელოს“ გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, „ევოლუშენის“ იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ. როგორც ისინი განმარტავენ, უწყვეტი გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.