დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით იოგურტის წარმოება სექტემბრიდან დაიწყება. მომავალი წლის ზაფხულში დაგეგმილია კარაქის წარმოებაც.
პროექტს ახორციელებს შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, იოგურტის წარმოების დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დადგეგმილი, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გართულებული ლოგისტიკური ჯაჭვის გამო, საჭირო დანადგარების ჩამოტანა/მონტაჟი გაჭიანურდა.
რაც შეეხება კარაქის წარმოებას, ამ დრომდე კომპანია რძის ხარისხის ამაღლებაზე იმ ფერმერებთან მუშაობს, ვისგანაც სამომავლოდ რძეს ჩაიბარებს.
როგორც მახარაძე აღნიშნავს,გასულ წელს ამოქმედებულ ქარხანაში წარმოებული კარაქი და იოგურტი ყველის მსგვსად, „კავკასიის“ სავაჭრო ნიშნით გაიყიდება.
როგორც ცნობილია, დმანისში, შვეიცარიული ტექნოლოგიით უკვე იწარმოება 4 დასახელების ყველი.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.