ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენა „ProWein-2023-ში“ ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა.
ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართულ სტენდთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.
მათივე ცნობით, ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს კომერციული სექტორის, მედიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანეს გამოფენაში ProWein მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მონაწილოება მიიღონ საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენებში“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა.
ასოციაციის ინფორმაციით, გამოფენის - „ProWein-2023-ის“ ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის Meininger სტენდთან, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც სომელიე და ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. ხოლო, კალიფორნიული ღვინოების სტენდთან, ქართული და კალიფორნიული ღვინოების ერთობლივი დეგუსტაცია ჩატარდა. გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გიორგი ტაბატაძე დაესწრო.