დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ბაზში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას მედიის, HORECA სექტორისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დაეგემოვნებინათ და ქართული მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და თანამედროვე წარმოების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
დეგუსტაცია-პრეზენტაციას უძღვებოდნენ დიდ ბრიტანეთში საკვებისა და ღვინის შეხამების მიმართულებით ცნობილი ავტორი ფიონა ბეკეტი და ბრისტოლში მოღვაწე ჟურნალისტი კეიტ ჰოუკინგსი, რომელიც საკვების, სასმელებისა და მოგზაურობის შესახებ წერს. მისი სტატიები ისეთ გავლენიან გამოცემებში ქვეყნდება, როგორებიცაა - „Financial Times”, „The Guardian”, „The Sunday Times”, „The Telegraph” და „Decanter”.
ფიონა ბეკეტი ღვინის თემაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს. იგი „The Guardian”-ის ღვინის მიმომხილველი და ჟურნალის „Decanter” რედაქტორი იყო. მისი სტატიები ასევე გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა „The Times”, „Daily Mail”, „BBC Good Food”, „National Geographic Traveller Food” და „Country Living”. ბაზი (Bath) დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ისტორიული ქალაქია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Swirl Wine Group“ ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. ასევე, ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ტარდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 268 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.