დევნილთა სააგენტომ სადაზღვევო კომპანია ,,არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ჯი დი ჯგუფს 2 638 671.30 ლარის ხოლო შპს "არდი დაზღვევას" 8 363 821,20 ლარის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ „არდიმ“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული 8 363 821 ლარი აანაზღაურა.
„ჯი დი ჯგუფის“ მიერ კი, თანხის ანაზღაურება ეტაპობრივად მიმდინარეობს. დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, 2018 წელს, სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფთან“ ორი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც ჯამში, 144 ბინის შესყიდვას ითვალისწინებდა. კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა სადაზღვევო კომპანია „არდის“ ავანსის და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ვერ შეასრულებდა, საბანკო გარანტია, ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დაბრუნებას ითვალისწინებდა. კომპანიას საავანსო თანხა, სწორედ, საბანკო გარანტიის საფუძველზე გადაერიცხა.