დეველოპერებისთვის, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათის ამოქმედება იგეგმება. შეღავათი იმ მშენებლობებს ეხება, როცა მშენებელს დაუსრულებელი ნაგებობის დემონტაჟი და იმავე ადგილას ახალი შენობის აშენება უწევს.
ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
მოქმედი “საგადასახადო კოდექსი“ განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს შეღავათებისათვის იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული წარმოებები დაწყებული იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე და ეს მშენებლობები ვერ დასრულდა. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ პირობას წარმოადგენს შემდეგი: - მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებული უნდა იყოს 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეის მდგომარეობით ისევ არსებობს ისეთი ობიექტები, რომლებზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა მერე გაიცა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
“პრაქტიკაში წარმოიშვა შემდეგი პრობლემა: - მშენებლობის მარეგულირებელი სამართლის მიხედვით, როცა არსებული დაუსრულებელი მშენებლობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი მშენებლობის განხორციელება ხდება, ეს ითვლება უკვე როგორც ახალი მშენებლობის ნებართვა. ასეთ შემთხვევაში, ვეღარ ხდება “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა (რადგან ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე დღეს, ანუ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ). რეალურად, კი მშენებლობა ისევ იგივე ადგილას ხორციელდება და დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ მისი არსებული მდგომარეობა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება მასზე დაშენება, მიშენება და ა.შ. რამდენიმე პროექტზე კი ამის აუცილებლობა (შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი მშენებლობის განხორციელება) უკვე წარმოიშვა და არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე სხვა შემთხვევაშიც გახდეს ეს საჭირო.
დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების დროს, კომპანიების უმრავლესობას უკვე დასრულებული აქვთ საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, მიღებულია გადაწყვეტილებები კონკრეტული სამშენებლო მოცულობების შესახებ და საკითხი ეხება ასობით ათას კვადრატულ მეტრს. შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს დაემატება საგადასახადო ვალდებულებაც, იქნება საკმოდ მტკივნეული როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რადგანაც დამატებითი მოდიფიკაციები გამოიწვევს ფინანსური მოდელების შეცვლას, რაც თავისთავად აისახება კიდევ უფრო მეტი დამატებითი კვადრატულობის გაცემის აუცილებლობაში კომპანიებისთვის, რაც ურბანული განვითარების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ამ ღონისძიების ფარგლებში ისედაც უწევს მუნიციპალიტეტს საკმაოდ ჭარბი დამატებითი მოცულობების გაცემა, არასუსურველია“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ზუსტდება და გაიწერება, რომ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა საჭირო პირობიდან, მათ შორის შემდეგიც: მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტომდე გაცემული მშენებლობის ნებართვის მქონე ობიექტში, ან ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა, რომელზეც 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაცემულია მშენებლობის ახალი ნებართვა.
“ამ შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, დეველოპერებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას, აღარ იქნება მისაცემი დამატებითი სამშენებლო მოცულობები, რაც მუნიციპალიტეტის ურბანული გარემოსათვის არის დამატებითი ბენეფიტი“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუმცა მისი მოქმედება გავრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.