ფრანგული კონცერნის, „დანონის“ რუსეთის ფილიალის რუსეთის მიერ ნაციონალიზაციის შემდეგ, მის ხელმძღვანელად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის დისშვილი დანიშნეს. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაკუბ ზაკრიევი რამზან კადიროვის უფროსი დის ვაჟია. 2018 წელს ის გროზნოს მერად დაინიშნა, 2020 წელს გადაიყვანეს რესპუბლიკის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად, ამჟამად კი ზაკრიევი ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრია.
ზაკრიევი რუსეთში „დანონის“ ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ ფრანგული კონცერნის ფილიალი რუსეთის დროებით მმართველობაში გადადის.
ამავე განკარგულებით, რუსეთის მმართველობაში გადავიდა კომპანია „ბალტიკას“ აქტივები, რომელიც დანიურ „კარლსბერგს“ ეკუთვნოდა.