სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრი და კვების დაწესებულებების სააგენტო "გასტრონავტის" თანადამფუძნებლის ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, დღეს არსებული კვების ობიექტებიდან მოქმედი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ 80% ვერ გაიხსნება. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რესტორატორები კოლაფსის წინაშე დგანან და მხარდაჭერას საჭიროებენ.
„ზოგადად, 7 800-ზე მეტი რესტორანი და კვების დაწესებულებაა, აქედან პირველ თებერვალს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ 80% ვერ გაიხსნება, რადგან საოპერაციო თანხებიც კი არ ექნებათ, იმიტომ რომ ბანკები სრულ უნდობლობას გვიცხადებენ. ჩვენი სფერო აბსოლუტურად გაშავებულია და არ ხდება ჩვენი მხარდაჭერა. ერთი რაც ვიცით, "აწარმოე საქართველოსთან" ერთად მიმდინარეობს სესხების პროცენტის სუბსიდირება, ესეც დღეს გვჭირდება და არა - 5 თვის შემდეგ; დახმარება ახლაა საჭირო, იმიტომ რომ სრული კოლაფსის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.
შეგახსენებთ: სტუმარ-მასპინძლობის საინიციატივო ჯგუფმა, რომელში 35 კაფე-რესტორანი და დაწესებულება შედის, დღეს პრემიერ-მინისტრს 5 პუნქტიანი გეგმით მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა.