დიზაინის სფერო, საკონცერტო დარბაზი, კინოსტუდია, სატელევიზიო სივრცეები, ასევე ტექნოლოგიების ჰაბი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტების, რომელთა განხორციელებასაც წერეთლის გამზირზე, Coca-Cola-ს ქარხნის ძველ ტერიტორიაზე კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის თემურ ჭყონიას შვილი სოფო ჭყონია გეგმავს.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, მულტიფუნქციურ სივრცეს “ქარხანა” ერქმევა.
პროექტის დასრულება 1.5 წელიწადშია დაგეგმილი და ის ძირითადად, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, უცხოური ინვესტიციებით განხორციელდება.
“საკმაოდ დიდი და საინტერესო პროექტია, ეს "კოკა-კოლას" ძველი ქარხანაა და ადგილზე წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დიდი სივრცეები შეიქმნა. სწორედ ამ სივრცეების ათვისებას დავიწყებთ, სხვადასხვა პროექტი გვექნება და ძირითადი მიმართულება შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ტექნოლოგიების განვითარება იქნება, ასევე სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობას ვგეგმავთ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
პროექტს "ქარხანას" დავარქმევთ, რადგან ამ ტერიტორიას ყველა ასე უწოდებს, თან ის სხვადასხვა ადამიანს გააერთიანებს ამიტომ ეს სახელი დარჩება. მოდა ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, მაგრამ არა მთავარი, ეს სივრცე ყველას დაიტევს”, - განაცხადა ჭყონიამ.
წყარო: BMG