
„ბორჯომის“ ახალი საწარმოს გახსნა, მსგავსი პროექტები და ინვესტიციები ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემია, რადგან ისინი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის როლს, ხაზს უსვამს, რომ ბიზნესგარემო ქვეყანაში სტაბილურია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიაზე.
კომპანია „ბორჯომის“ ახალი საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ქარხნის საწარმოო პროცესსაც გაეცნო. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის 135-წლიანი ისტორია გრძელდება და ვითარდება.
„„ბორჯომი“ ჩვენი ქვეყნის უპირველესი, ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული სახელწოდებაა, რომელიც ქართული იდენტობის და სულის სამარკო ნიშნადაც კი იქცა, როგორც ქართული ბუნების, მთის, წყაროს და ხასიათის გამომხატველი. მადლობა „ბორჯომის“ მმართველ კომპანიას, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გასწია არსებული ბრენდის განვითარებისთვის და 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამ საწარმოს ასაშენებლად“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და აქ დასაქმებული 600 ადამიანიდან ყველა ბორჯომელია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს, რომ კომპანიის და საწარმოს წილი ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მზარდია.
„სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერობს რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში მაღალი ეკონომიკური ზრდით. ძალიან სტაბილურია ასევე დარგობრივი და სექტორული მიმართულებით განვითარება. ხაზგასასმელია სექტორის სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტის ზრდაც“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„IDS ბორჯომი საქართველოს“ ახალი ქარხანა ყვიბისში გაიხსნა, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოა. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, თავის დარგში ქარხანა საქართველოში ყველაზე დიდია – სიმძლავრე საწყის ეტაპზე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს. ამასთან, კომპანიის პორტფელს დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი „ბორჯომისგან“, „ბაკურიანი“ ხილის გემოთი, „ლიკანი“ არომატით.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი და დინამიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია სინერგია სახელმწიფო პოლიტიკასა და კერძო სექტორს შორის, რისი მაგალითიც სახელმწიფოსა და კომპანია „IDS ბორჯომს“ შორის თანამშრომლობაა.
„ეს არის ნათელი და კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზას ადგას, შენარჩუნებულია სტაბილურობა, მშვიდობა, სწორი ბიზნესგარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დღითი დღე იზრდებოდეს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.