უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური, კულტურული კავშირების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს ყველა სფეროში აქვს ზრდის პოტენციალი.
„ჩვენ შარშან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და თანადათან ვცდილობთ, ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს და მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით გასული დღეების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უვიზო რეჟიმი. ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მობილობის თვალსაზრისით.
მეორე, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური კავშირების განვითარებას, კულტურული კავშირების განვითარებას. ყველა სფეროში გვაქვს ჩვენ ზრდის პოტენციალი. რა თქმა უნდა, ჩინეთის ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს კავშირების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.