ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ტარდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს , სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ პეკინში, „ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრში“ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
მათივე ცნობით, პროფესიონალი სტუმრების წინაშე ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ დოქტორმა ჰუანგ იუტონგმა ისაუბრა, ხოლო დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალი კესიდი დარტი უძღვებოდა.
ქართული ღვინის წარდგენას 50-მდე დისტრიბუტორი, სომელიე და კვების ინდუსტრიის წარმომადგენელი დაესწრო. აღნიშნული ღვინის ნიმუშები ჩინეთში წარმოდგენილი ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ შეირჩა.
ქართული ღვინის ექსპორტის მიმართულებით, 2021 წელი პოზიტიური ტენდენციით დაიწყო - მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 3,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.