ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია – Georgian Natural Wine Day (ქართული ბუნებრივი ღვინის დღე) გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა სახეობის 10 ქართული ღვინო იყო წარდგენილი. დეგუსტაციას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, FLOW SRL-ის ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ბრიუსელში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.