golden brand
ავერსი ნემო

იერუსალიმი მალე უმასპინძლებს საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 30 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი საქართველოსა და ისრაელში მიმდინარეობს აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები.

ამასთან დაკავშირებით თბილისს ეწვია ქნესეთში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, გავლენიანი პარლამენტარი, დოქტორი აქრამ ჰასონი, რომელიც შეხვდება ქართულ ბიზნესსაზოგადოებას, გაეცნობა ისრაელის ბიზნესსაზოგადოების საქმიანობას საქართველოში, გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა ინსტიტუტისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან მომავალი ორმხრივი კავშირებისთვის. დაგეგმილია, აგრეთვე, შეხვედრა ახმეტელის სახელობის თეატრში, სადაც ებრაულ თემატიკაზე არაერთი წარმოდგენა იდგმება.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე, რომელიც უკვე 35 წელია აქტიურად საქმიანობს საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში, მიიჩნევს, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მსოფლიომ და რეგიონმა არაერთი გამოწვევა გადაიტანა: პანდემია, პოლიტიკური კრიზისები, რეგიონული ომები. ამასთან, კვლავ სერიოზული პრობლემაა მზარდი გლობალური ანტისემიტიზმი. სწორედ ამიტომ, ბიზნესსაზოგადოებას დღეს განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა და განვითარების ახალი შესაძლებლობები.

თვის ბოლომდე საქართველოში დაგეგმილია, აგრეთვე, Wyndham-ის ხელმძღვანელობის ვიზიტი. კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა და საერთაშორისო სტანდარტების და ხარისხის დანერგვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორების განვითარებაში. Wyndham-ის ბრენდის ქვეშ განხორციელებულმა პროექტებმა გაზარდა საერთაშორისო ინვესტორებისა და ვიზიტორების ინტერესი საქართველოს მიმართ და ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა როგორც ისრაელელი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ინვესტორებისთვის. ეს წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო ბიზნესს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმის განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას.

დოქტორი აქრამ ჰასონი საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წრეებში კარგად ცნობილი და პატივსაცემი ფიგურაა. ის ქნესეთში განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინიტროს საკითხების კომიტეტში აქტიური წევრია, მონაწილეობს ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში და მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კავშირების განვითარებას. ის „ისრაელის სახლის“ ბორდის წევრია და ორგანიზაციის მსოფლიოში გაფართოების აქტიური მხარდამჭერიც. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს აქტიურად მხარს უჭერს ისრაელის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ისტებლიშმენტის არაერთი წარმომადგენელი. ისრაელის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ამირ პერეცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სტუმრად იმყოფებოდა თბილისში, “ისრაელის სახლში”, 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა: რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ ორ ქვეყანას შორის შექმნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხიდი, ორგანიზაცია მუშაობს ორივე ქვეყნის სასარგებლოდ და მის საქმიანობას ანალოგი არ აქვს.

ამჟამად ინფრასტრუქტურის და წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრის ელი ქოენის თქმით კი, იციკ მოშეს და „ისრაელის სახლის“ საქმიანობა და აქტივობა მას შიმონ პერესს აგონებს.

აღსანიშნავია, რომ აქრამ ჰასონმა ქნესეთში სესიაზე ისრაელის სახლთან დაკავშირებით მოითხოვა ისრაელის პრეზიდენტისგან, ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე მაღალი აღიარება მსოფლიოში დამსახურებისთვის, წარმოდგენისთვის და კავშირებისთვის.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, დღემდე იერუსალიმსა და თბილისში ჩატარდა 30-ზე მეტი ბიზნესფორმი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში თითქმის 5 მილიარდიანი კონტრიბუციის სახით.

წელს იერუსალიმში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მონაწილეობას დაახლოებით 300-მდე სტუმარი მიიღებს, მათ შორის მთავრობის, პარლამენტის, ეკონომიკური ინსტიტუტებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ორგანიზაციები. მთავარი მესიჯი კი იქნება, რომ საქართველო კვლავ ეკონომიკური საქმიანობის ცენტრშია. ფორუმის მთავარი თემა იქნება ისრაელელი ბიზნესმენების მხარდაჭერის მექანიზმები და საქართველოში ინვესტიციების ახალი ტალღისთვის მზადება.

ფორუმის მეორე ნაწილში განხილული იქნება ქალაქებს შორის თანამშრომლობის ახალი პლატფორმა, რომელსაც „ისრაელის სახლი“ უძღვება. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული კომპანიების მიერ მომზადებული ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ისრაელსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

შეკითხვაზე, ბიზნესპალტის 30-წლიანი საქმიანობის ფონზე, დღეს რა გამოწვევებს ხედავს, იციკ მოშე პასუხობს:

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია და არ ვართ ჩართული ქვეყნების პოლიტიკურ კავშირებში, რასაც საელჩოები აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისრაელის მინისტრებისა და პარლამენტის წევრების ვიზიტების უმრავლესობა სახალხო დიპლომატიის ფორმატში განხორციელდა. ეს ფორმატი განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევა და სწორედ მისი მეშვეობით დამყარდა მნიშვნელოვანი კავშირები და შეიქმნა თანამშრომლობის მყარი საფუძველი. ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში ორივე ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

მეორე, რაც შეეხება საქმიან კავშირებს, ერთობლივი ძალისხმევით უნდა აღმოვფხვრათ წარსულის ჩავარდნები, რომელმაც თავი იჩინა კრიზისის პერიოდში; საჭიროა კომპანიების მხარდაჭერა და ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობის გაძლიერება.

მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებაც. ბიზნესისთვის სწორედ ის უნდა გახდეს მთავარი მისამართი, რათა მოხდეს სწრაფი რეაგირება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც არაერთი რეგიონის პოტენციალი დაზიანდა.
მესამე, საბანკო სისტემამ, რომლის ძლიერების საფუძველიც სწორედ ბიზნესია, თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას და ბოლო 7 წლის კრიზისულ პერიოდში ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებს ფორსმაჟორის სტატუსი მიანიჭოს; მოიძიოს საერთშორისო ინსტიტუტებიდან ბიზნესის მხარდაჭერის ფონდი, და ყველაზე მინიმუმ, გააკეთოს სესხების რეტრუქტურიზაცია.

მთავრობამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ორეროვან ბიზნესპალატებთან, რათა წელიწადში მინიმუმ ორი გლობალური ფორუმი ჩატარდეს, ერთი საქართველოში და მეორე იმ ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნესორგანიზაციების როლი, მათ შორის ლიდერი ICC, რომელსაც მცირე დროში შეუძლია საქართველოს მსოფლიო ქსელში - 170 ქვეყანაში ჩართვა.

მეოთხე, გავააქტიუროთ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ დაწერილი პროგრამა 100 საპატიო კონსულზე, რომლებსაც ელჩემთან ერთად ექნებათ კონკრეტული დავალება ინვესტიციის მოზიდვაზე, რაც წელიწადში სულ ცოტა 2 მილიარდიან ინვესტიციას უდრის.

დავასრულოთ ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა ორივე მხრიდან, რაც დავიწყეთ დოქტორ აქრამ ჰასონთან ერთად; შეთანხმებას დაემატოს ინვესტიციების დაცვა, რაც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებშია.

თბილისში ჩატარებულ წინა ბიზნესფორუმზე, რომელსაც ისრაელიდან ესწრებოდა 100 დელეგატი, სამი ქალაქის მერებთან ერთად, ვისაუბრეთ ბოლო 35 წელიწადში 5 მილიარდის კონტრიბუციაზე და 2030 წლისთვის დამატებით 1 მილიარდიანი კონტრიბუციის პოტენციალზე. ეს ერთობლივი და კოორდინირებული შრომით.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ტურიზმი ისრაელიდან 500 ათას მიაღწევს, რაც 600 მილიონი დოლარის კონტრიბუციაა! ათწლეულების წინ, როდესაც დავიწყეთ საქართველოს ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციაზე მუშაობა, თითქმის არავის სჯეროდა, რომ 5 ათასი ტურისტიდან ეს რიცხვი ნახევარ მილიონს მიაღწევდა.

ისრაელი, ომის შემდეგ გახდება ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, კიდევ უფრო მეტ სახელმწიფოს მოუნდება კავშირები სხვადასხვა სფეროში. სახალხო დიპლომატია იქნება ფორუმის მეორე ნაწილი და ამ პროცესში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს „ისრაელის სახლიც“, რომლის ცენტრიც იერუსალიმში იქნება, მსოფლიოში 30 წარმომადგენლობით. წლის ბოლომდე კი დაემატება ახალი წარმომადგენლობები სომხეთში, მოროკოში და ესპანეთში.

68