gorgia
ავერსი legi

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „ბატონო“ ხელმძღვანელი ვანო გოგლიძე ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება - გაყიდვისთვის დააკავეს. საგამოძიებო სამსახურში ვინაობას არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ბატონო“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს ლეილა ლონდარიძე ფლობს, ის ასევე კომპანია „გორის საკონსერვო ქარხანა - კულას“ 100%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანიაში დირექტორის პოზიციას ივანე გოგლიძე იკავებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანია „ბატონოს“ სხვადასხვა დროს 35 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტენდერების მონიტორის თანახმად, კომპანია "ბატონოს" სახელმწიფოსთვის სასურსათო პროდუქტების - თევზის და ძროხის ხორცის მიწოდების ტენდერებში კონტრაქტები 2020 წლიდან გაუფორმდა. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს კომპანია "ბატონომ" 1.4 მილიონი ლარის, 2023 წელს კი 5.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, კომპანიამ 2024 წელს ორ სახელმწიფო შესყიდვაში დისკვალიფიკაცია მიიღო სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქციის წარდგენისთვის.

147