კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. საქმე იმაშია, რომ კომპანიის კომერციული აბონენტებისთვის, ბუნებრივი აირი 2021 წლის იანვრის ნაცვლად, თებერვლიდან გაძვირდა. შესაბამისად, ისინი ახალი ტარიფით დათვლილი ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრებს მარტში მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდის გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ, კანონის თანახმად, მომხმარებლები ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გააფრთხილა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტარიფი არსაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საცხობებისა, ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაძვირდებოდა და 1,10 ლარს მიაღწევდა. მაშინ კომპანიის ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის პროტესტი მოჰყვა. განცხადება შვიდმა ბიზნეს ასოციაციამაც გაავრცელა.
თავის მხრივ, ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად "თბილისი ენერჯი" ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.
რაც შეეხება ტარიფის ზრდის დროებით, 1 თვით გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთთვიანი საშეღავათო პერიოდის შესახებ კომპანიამ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო, რათა გაზრდილი ხარჯი ბიზნესს ტვირთად არ დააწვეს.