2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, გაზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7 %-ით მეტია.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 % მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 % - საშუალოზე, ხოლო 18.0 % - მცირე ბიზნესზე. თუმცა, განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1%, საშუალოზე - 23.2%, მცირეზე კი - 30.8 %.
რაც შეეხება, 2025 წლის III კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულ საქონლისა და მომსახურების მთლიან ყიდვებს, საქსტატის ინფორმაციით, 33.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 %-ით მეტი) შეადგინა, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 19.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით მეტი).
ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.5% (22 301 მლრდ ლარი) მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.5%-იანი წილით (21.639 მლრდ ლარი); შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 7.8 %-ით (5.063 მლრდ ლარი); მშენებლობა — 6.3% (4.059 მლრდ ლარი), ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 % (4.004 მლრდ ლარი), ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3.4 % (2.169 მლრდ ლარი), ხოლო 10.0% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით,2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს ვაჭრობა (18.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (18.3%), მშენებლობა (18.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 %) იკავებდა. რაც შეეხება დანარჩენ დარგებს, ჯამურად 27.1%-ანი წილი ეჭირა.