ხვალ, თბილისში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.
„ხვალ გვაქვს დიდი ღონისძიება, სადაც ყველა მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, იქნება მთავრობა, პრემიერი. იქ ბიზნესასოციაცია წარმოადგენს BAG ინდექსის ბოლო ოთხი წლის ტრენდებს, ასევე Galt&Taggart-ი წარმოადგენს მაკროეკონომიკურ ანგარიშს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, როგორც დაგეგმილია, კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივებს განიხილავენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია პანელური დისკუსია მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, რომელშიც მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.