“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის 11 ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი მასშტაბური ურბანული განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტში დაგეგმილი ინვესტიცია 500 მილიონ დოლარს შეადგენს და ტერიტორიაზე თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსი შეიქმნება, რომელიც საცხოვრებელ, სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების სივრცეებს გააერთიანებს.
“Biograpi Living-მა” ტერიტორია ახლახან შეიძინა. პროექტი ვითარდება თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ურბანულ კვანძში – წერეთლის გამზირზე, დიდუბის მიმდებარედ. ლოკაცია უშუალოდ უკავშირდება დიდუბის ავტოსადგურს, მეტროსა და რკინიგზის სადგურს და გამოირჩევა როგორც თბილისის ცენტრალურ ნაწილთან, ისე ქალაქის სხვადასხვა მიმართულებასთან მაღალი სატრანსპორტო ხელმისაწვდომობით. ტერიტორია ასევე გამოირჩევა მტკვრის მიმართულებით არსებული ღია ხედებით.
ახალი პროექტის კონცეფცია ადგილმდებარეობის ურბანულ და ისტორიულ კონტექსტს ეფუძნება. დიდუბე ისტორიულად ადამიანების შეკრებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე იყო, მოგვიანებით კი თბილისის ეკონომიკური და ინდუსტრიული განვითარების ნაწილად ჩამოყალიბდა. ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ყოფილი მაუდის ქარხანა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ტექსტილის წარმოებით იყო ცნობილი და დიდუბის ინდუსტრიული ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ელემენტი გახლდათ.
პროექტის არქიტექტურულ და დიზაინკონცეფციაზე ცნობილი საერთაშორისო არქიტექტურული დიზაინის სტუდია იმუშავებს, რომლის ჩართულობის შესახებ “Biograpi Living” დამატებით დეტალებს პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპზე გაასაჯაროებს. კომპანიის მიზანია, ისტორიული და თანამედროვე ურბანული კონტექსტის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი მრავალფუნქციური გარემო, რომელიც საცხოვრებელ და კომერციულ ფუნქციებთან ერთად ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებასაც მოერგება.
დიდუბის პროექტი “Biograpi Living-ის” განვითარების სტრატეგიის ნაწილია. კომპანია ამჟამად 10 მასშტაბურ პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება. კომპანიამ ასევე დააანონსა სამი ახალი პროექტი – „კამარა“, „ბოჰემა“ და „1824“.
“Biograpi Living-ის” ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება.
დიდუბის ახალი პროექტით „Biograpi Living“ თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და მნიშვნელოვან ურბანულ ტერიტორიას თანამედროვე, მრავალფუნქციურ ქალაქურ გარემოდ გარდაქმნის.