ბაზისბანკი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუს მიერ ორგანიზებულ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ღონისძიება, საქართველოში უკვე მესამე წელია აღინიშნება და ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ბაზისბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ვიდეო კონკურსი ჩატარდა, რომლის სლოგანი და კონკურსის სახელწოდება იყო „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“.
სპეციალური ჟიურის მიერ, კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ბაზისბანკისგან, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ფულადი ჯილდო, სერტიფიკატი და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცა. „ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის განათლების, მათ შორის ფინანსური განათლების, ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიმართულების ფარგლებში, ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინედუსთან არაერთი წელია გრძელდება, რაც ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში გამოიხატება. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.