ბაზისბანკი აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის დაფინანსებით და „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, მესტიის ისტორიულ ნაწილში, კიდევ ერთი ახალი, 21 ნომრიანი სასტუმრო Anne`s Hotel გაიხსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 1.6 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა.
Anne`s Hotel პირველ სტუმრებს უკვე მიმდინარე წლის მაისიდან მასპინძლობს. სასტუმრო კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებას და მესტიის რეგიონის გაცნობით ტურებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს. სასტუმროდან ულამაზესი ხედები იშლება თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე.
„ჩვენი და ბაზისბანკის საერთო ძალისხმევით, მესტიას, უძველეს და ტურისტულად მიმზიდველ ლოკაციაზე, კიდევ ერთი თანამედროვე სასტუმრო შეემატა. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.“ - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა, ანა გირგვლიანმა.
„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ მესტიაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.