შოკოლადის და ნაყინის მწარმოებელი კომპანია „ბარამბოს“ 11.25%-იანი წილი აუქციონზე იყიდება. წილი, რომელიც კომპანიაში ნიკოლოზ შაქარაშვილს ეკუთვნის, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე 1 516 472 ლარად გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტის მიერ წილის ღირებულება 2 021 963 მლნ ლარად არის შეფასებული.
აუქციონი 14 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი არის 20 219 ლარი, საგარანტიო თანხა კი 101 098 ლარი.
„ბარამბო“ 2009 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის მაჟორიტარი აქციონერი - 66.25%-იანი წილის მფლობელი მარი ჩოჩელია, 22.5%-ს უჩა კაპანაძე ფლობს. შაქარაშვილის წილი კი, 2013 წლიდან დაყადაღებულია.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შოკოლადების, სხვადასხვა სახის კანფეტებისა და ნაყინის წარმოება. პროდუქტი იყიდება როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზარზე - ევროპასა და აზიაში.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ბარამბო“ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 71.638 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა. პანდემიურ პირველ წელს კომპანიის ამონაგები შეადგენდა 44.520 მლნ ლარს. აღსანიშნავია, რომ „ბარამბო“ 2020 წელს 4.434 მლნ ლარის ზარალზე გავიდა.