კომერციულ ბანკებს მომსახურებაზე უარი რომ არ ეთქვათ, ერთ წუთში ყველაფერი დაინგრეოდა - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ კომერციული ბანკების პოზიციაზე განაცხადა.
"წამყვანი ბანკები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას. ეს საბანკო სისტემაში იმიტომ მოხდა, რომ ერთ წუთში ყველაფერი დაინგრეოდა.
კომერციულ ბანკებს, რომ ეს განცხადება არ გაეკეთებინათ და ამ მომსახურებაზე უარი არ ეთქვათ, "სვიფტი" ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დადგებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ტერორისტ ქვეყანას უწყობ ხელს - იმ ქვეყანას რომლის აგენტიც დაგისანქცირეს და რომელიც ომს ეხმარება. მადლობა მათ, რომ ასეთი პოზიცია დაიკავეს" - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.
ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.