საქართველოს ბიზნესასოციაციაში მალაიზიის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ, დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედი ხელმძღვანელობდა.
ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობისა და ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით.
მათივე ცნობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მალაიზიის მხარეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბარი შეეხო, როგორც ბიზნეს კლიმატს, ასევე ბიზნეს საქმიანობის ხელის შემწყობ მექანიზმებს, კერძოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროგრამას, საგადასახადო სისტემასა და შეღავათებს, რომლითაც ბიზნესის წარმომადგენლები სარგებლობენ.
ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ექსპორტ-იმპორტის გაზრდის შესაძლებლობასა და კონკრეტულ საიმპორტო პროდუქციაზე. ასევე, განიხილეს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების საინვესტიციო პოტენციალი.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მალაიზიის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას B2B შესაძლებლობები განვიხილეთ, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც საექსპორტო პოტენციალისთვის, ასევე საინვესტიციო გარემოსთვის. მიგვაჩნია, რომ მსგავსი დიალოგი ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე მალაიზიის ბიზნეს სუბიექტებს შორის კომუნიკაციასა და მჭიდრო კავშირების დამყარებას, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.