საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების
შესახებ მათ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან გამართეს შეხვედრა.
"შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც ეხება საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის აღსრულების მექანიზმებს; შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ საქმიანობებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც გავრცელდება ახალი მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ცვლილებების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან იგეგმება,"- ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ნოზაძის თქმით, „მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს პანდემიით გამოწვეული ვითარება და ბიზნესს მისცეს გონივრული ვადა, ზემოხსენებული ცვლილებების გასატარებლად, ვინაიდან აღნიშნული მოითხოვს, როგორც დამატებით ფინანსურ, ასევე ადამინურ რესურსს“.
შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა წევრი კომპანიების ინტერესებსა და მოლოდინებზე:
„იმედს გამოთქვამთ, რომ ბიზნეს ასოციაცია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეჯერდებიან ორივე მხარისთვის მისაღებ პოზიციაზე, ვინაიდან პანდემიით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს ბიზნეს სექტორს, რომელიც განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იქნება პოსტ-პანდემიურ პერიოდში“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.