ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს.
მისივე თქმით, ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე.
„ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 20 ივლისამდე ეს იქნება კვირაში ხუთი ფრენა, 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება - საქართველოში ავიარეისების სიხშირის გაზრდის თაობაზე.
„ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ჩვენ ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს სტუმრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.