golden brand
ავერსი ნემო

საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვას გულისხმობს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ოპერატორების მოზიდვას და ამავდროულად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა დამატებით დაცვას შესაძლო ზეგავლენებისგან.

ცნობისთვის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის ავტორები პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი არიან.

პროექტის თანახმად, საქართველოში ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვის შედეგად, სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორები საქართველოში ლეგალურად შემოვლენ, თუმცა მათ ინტერნეტ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს დაშვება ავტომატურად აეკრძალებათ.

უფრო კონკრეტულად, ცვლილების შედეგად, შემოღებული იქნება ახალი კატეგორიის ნებართვები სათამაშო ბიზნესის სფეროში შემდეგი საქმიანობის სახეებისთვის:

სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება.
კანონპროექტის განმარტებით, ბარათში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს და შესაბამის თამაშობებში მონაწილეობის მიღება არ არის იქნება დაშვებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გარდა ამ შეზღუდვისა, ამ ტიპის ნებართვების მფლობელებზე გავრცელდება იდენტური სანებართვო პირობები და უფლება-მოვალეობები, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაწესებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვების მაძიებლებზე/მფლობელებზე.

რაც შეეხება მოსაკრებლის და ჯარიმის მოცულობებს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეული სახის ნებართვისთვის (რომელიც გაიცემა 5 წლის ვადით), ყოველწლიურად გადასახდელი იქნება სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, დამატებით, ნებართვის მფლობელებისთვის დადგენილია მოგების გადასახადი, რომელიც შეადგენს მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 5%-ს ყოველთვიურად.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას 20 000 ლარის ოდენობით, თითოეული ზემოთჩამოთვლილი ნებართვის მფლობელისთვის, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა და სანებართვო პირობების სხვა დარღვევის შემთხვევაში.

59