
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ სერვისზე სწრაფი იდენტიფიკაციის გზით, შედარებით უფრო მარტივად შეუძლიათ საკუთარი მონაცემების შეყვანა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწრაფი იდენტიფიცირების გზით, ვებგვერდზე www.rs.ge ავტორიზაციის გარეშე, მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა.
ამასთან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა, შესაძლებელია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ელექტრონული განცხადების წარმოდგენით.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1-ლი მარტიდან განხორციელდა.
უწყების ცნობითვე, დღეის მონაცემებით, ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 26 655 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 58 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 26 597 განაცხადი დარეგისტრირდა.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 552 685 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი,“ - შემოსავლების სამსახური.
ცნობისთვის, „თამაშზე დამოკიდებულ პირად" ითვლება ადამიანი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის მონაცემებიც „დამოკიდებულ პირთა სიაში" არის შეყვანილი. ხოლო „აკრძალულ პირთა“ რეესტრში ხვდებიან, ისინი ვინც დასაქმებული არიან საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შორის: სახელმწიფო მოსამსახურეები, საჯარო მოსამსახურეები, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და ა.შ.