global distribution
გარე ავეჯი

დღეისათვის კახეთში 250 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან მეხუზლას ინფორმაციით, რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის მოსავალი, საერთო ჯამში, 300 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გადამმუშავებელ საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.

„დღეღამური გადამუშავება 10-12 ათას ტონს აღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სექტემბერში დაფიქსირდა უხვი ნალექი, კერძოდ, საგარეჯოსა და გურჯაანში ორჯერ, თელავის შემთხვევაში, ნალექების რაოდენობამ ოთხჯერ გადააჭარბა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რამაც კრეფისთვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობის შემცირება განაპირობა და გამოიწვია კრეფის პიკური დღეები, შემდგომ უკვე რიგები. ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. ამასთან, ყველა საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების ლიმიტი საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში და სიმძლავრეებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბს, რიგების კონტროლის მიზნით, შემუშავებული აქვს სქემა.

„ყოველდღიურად, საკოორდინაციო შტაბის წევრები შესაბამისი სოფლების რწმუნებულებს აწვდიან ინფორმაციას დღეღამური გადამუშავების კვოტების და ჩამბარებელი საწარმოების მისამართების შესახებ. ამ კვოტების საფუძველზე, სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე გასცემენ ცნობებს კონკრეტულ საწარმოსა და იმ რაოდენობებზე, რომლის გადამუშავების შესაძლებლობაც იმ კონკრეტულ დღეს არის შესაძლებელი. შესაბამისად, რიგების შემცირებისა და კონტროლის მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულებისგან, აიღონ ცნობა და შემდგომ დაიწყონ კრეფა, მივიდნენ სწორედ იმ ქარხანაში, რომლის შესახებაც ექნება ინფორმაცია სოფლის რწმუნებულს“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ლევან მეხუზლას თქმით, კახეთის მასშტაბით, რთველი სავარაუდოდ კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„ყველა საწარმო მობილიზებულია, გახსნილია 300-ზე მეტი ჩამბარებელი პუნქტი, აქედან 30-მდე სახელმწიფო საწარმოს მიმღები პუნქტია. კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა მოსახლეობას, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 250 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

112