“არსი” მოქალაქეებს “ერთდღიან სამუშაოებზე” დასაქმებას სთავაზობს. ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა დაპოსტა. ის სხვა დეველოპერებსაც მოუწოდებს, აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთონ. როგორც როსტომაშვილი წერს, დღიურ სამუშაოზე ანაზღაურება 25 ლარი იქნება.
“პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა სამსახური, შემოსავლის წყარო და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. შპს “არსი” გამოდის ინიციატივით და მიმართავს ყველას, ვისაც ამის საშუალება აქვს, შევთავაზოთ მსურველებს „ერთდღიანი სამუშაოები“ (ამ ეტაპზე შეუძლებელია მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა). მსურველებს საშუალება ექნებათ მივიდნენ, ერთი „შრომადღე“ იმუშაონ და ხელზე მიიღონ საკუთარი შრომის საფასური. “არსი” მზად არის, 10 მოქალაქე დაასაქმოს 10 დღით, კუს ტბის ფერდობის ტყეპარკის დასუფთავებაზე. გამოსატანია უამრავი ფიჩხი (ფიჩხს მივუტანთ მრავალშვილიან ოჯახებს.) ნარჩენებს შევაგროვებთ ტომრებში.
· სამუშაოს დასაწყისი 09:00 საათი
· დასასრული 18:00 საათი
· შესვენება 13:00-14:00 (გავუმასპინძლდებით ცხელი ყავით და ხაჭაპურით)
· ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ხელზე გადავუხდით 25 ლარს.
სამუშაო არის ღია ტერიტორიაზე, ასე რომ დაცული იქნება ყველა დაწესებული ნორმა.
მსგავს სამუშაოებს რა გამოლევს თბილისში და ჩვენ ქვეყანაში. მთავარია, სხვა კომპანიებმაც აგვიბან მხარი. ვისაც რამდენი მოქალაქის დასაქმება შეეძლება იმდენი დაასაქმოს... 1 იქნება თუ 50...
გაზაფხულიდან ვგეგმავთ გამწვანების აქციის დაწყებას. (წინასწარ მერიას შევუთანხმებთ ლოკაციებს).
დაწყებას ვგეგმავთ ახალი წლის 1 კვირიდან, გარკვეული ორგანიზაციული სამუშაოების მერე.
დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. ყველას გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები”, - წერს ირაკლი როსტომაშვილი.