დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის ინფიცირების თვალსაზრისით ე.წ. პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში იქნება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქვეყანაში ვირუსის მესამე ტალღა და კოვიდ 19-ის საყოველთაო გავრცელება დაიწყო.
„სამწუხაროდ, ეპიდვითარება სულ უფრო იძაბება, ყოველდღიურად იმატებს ახალი შემთხვევების რიცხვი და ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ინდიკატორები, როგორიცაა ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი. სამწუხაროდ, დღეს მომატებულია ასევე სიკვდილიანობაც. რეზიუმეს სახით რომ ვთქვათ, ეპიდვითარება ბევრად უფრო გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში იყო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს. ქვეყანაში ისევ და ისევ არ იცავენ რეგულაციებს და რეკომენდაციებს, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების მთავარი რისკ-ფაქტორია. ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ნახევარი. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის. ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე „კლასტერი“ იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.