gorgia
ავერსი legi

ამერიკული გამოცემა The Wine Palate-ი დასავლეთ საქართველოს ღვინოებზე სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში, 25 წელზე მეტია, მოღვაწეობს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული კომპანიის, Big Sky Ranch Inc-ის თანამშრომლობის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს ოქტომბერში ეწვია.

ლისა პეროტი-ბრაუნი იმერეთსა და რაჭაში იმყოფებოდა, სადაც მრავალფეროვან ქართულ ღვინოებს და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს გაეცნო. სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც ღვინის მაგისტრმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 50-მდე ღვინო დააგემოვნა.

„ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში კახეთს რამდენჯერმე ვესტუმრე; იმერეთსა და რაჭაში პირველი მოგზაურობის შემდეგ საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებები კიდევ უფრო აშკარა გახდა. დასავლეთ საქართველო მიდრეკილია მჟავიანობის, მრავალფეროვნებისა და დახვეწილობისკენ, რაზეც გავლენას ახდენს ზღვის კლიმატი, უფრო მაღალი მდებარეობები, უფრო მსუბუქი მაცერაცია და პატარა მასშტაბის მეურნეობები“, – წერს სტატიის ავტორი.

ლისა პეროტი-ბრაუნი სტატიაში საუბრობს დასავლეთ საქართველოში გასინჯული ღვინოებიდან შერჩეული 10 საუკეთესო ღვინის შეფასებებზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი საქართველოში მიმდინარე წლის ივლისშიც იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ ქართული ღვინის შეფასებებზე სტატია სათაურით „ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“ ლისა პეროტი-ბრაუნმა The Wine Palate-ში სექტემბერში გამოაქვეყნა.

ონლაინ გამოცემა The Wine Palate-ი (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან, განახლებადი მიმოხილვებით.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

73